X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე-ხარვეზების შესწორება ხდება კონტრაქტორის ხარჯით, შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ ერთი და იგივე სამუშაო ორჯერ კეთდება და ხარჯიც ორმაგდება, არის უსაფუძვლო

30 ოქტომბერი 2023

,,რაც შეეხება რიკოთზე გადაადგილების რეჟიმს, რომელიც აპრილიდან მოქმედებდა - მნიშნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 149-ე კილომეტრზე არასდროს განვითარებულა მეწყერი. არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელი სპეციალისტების მიერ შეფასდა მომეტებულ საფრხედ, გზა მყისიერად ჩაიკეტა, გატარდა რისკის შემამცირებელი კონკრეტული ღონისძიებები, დაწესდა  სპეციალური რეჟიმი. ამ ღონისძიებების ერთობლიობა და  24 საათიანი მონიტორინგი, მეწყრული პროცესების შესაძლო განვითარების პირობებში, საშუალებას მოგვცემდა გვქონოდა დაუყოვნებელი რეაგირება და ნებისმიერი ტიპის საფრთხე ყოფილიყო თავიდან აცილებული“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ ამ მონაკვეთზე, რეჟიმის ამოქმედების პარალელურად, დაიწყო საკვლევაძიებო და შემდეგ უკვე საპროექტო ღონისძიებები. დღეის მდგომარეობით, პროექტი დასრულებულია და იგეგმება სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება, რათა გატარდეს საჭირო ღონისძიებები და აღნიშნული  მონაკვეთი იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ამ დროისათვის, დაწესებული რეჟიმი მსუბუქი და სამგზავრო ავტომობილებისათვის მთლიანად არის მოხსნილი, ხოლო სატვირთო ავტომობილებისთვის გაიზარდა გადაადგილების პერიოდი. გარკვეული ღონისძიებების მიმდინარეობის პარალელურად, ნოემბერში იგეგმება რეჟიმის მოხსნა სატვირთო ტრანსპორტისთვისაც.

,,უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის სამუშაოების მიმდინარეობისას, ჩამოიშალა მიწა კონკრეტულ უბანზე, რამაც დააზიანა დაუსრულებელი ბეტონის კონსტრუქცია. დაზიანებული კონსტრუქცია 3 თვეზე მეტია რაც სრულად  აღდგენილია კონტრაქტორის ხარჯით ანუ აღდგენის სამუშაოში დამატებითი ხარჯი სახელმწიფოს არ გაუღია. ასეთივე შემთხვევა იყო ერთ-ერთ მონაკვეთზე ამოყვანილ სვეტთან მიმართებაში, რომელიც ზედამხედველის შეფასებით ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და ინჟინერისვე მოთხოვნის საფუძველზე, მოხდა მისი დემონტაჟი. ახალი სვეტი, რომელიც შეესაბამება  მოთხოვნებს,  უკვე აშენებულია სრულად კონტრაქტორის ხარჯით. შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ ერთი და იგივე სამუშაო ორჯერ კეთდება და ხარჯიც ორმაგდება, არის სრულიად უსაფუძვლო“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სამუშაოს ანაზღაურება ხდება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის და დადასტურების შემდეგ. ამასთან, ნებისმიერი შესაძლო ხარვეზის გამოვლენის პირობებში, სამუშაოს დასრულების შემდგომ ხარვეზის გამოსწორების ვალდებულებაც კონტრაქტორისათვის გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.